პასუხი ფსევდომელომანებს…

ამ ბოლო დროს ბევრი ითქვა და დაიწერა ე.წ. „გემოვნებიანი“ მუსიკის და გემოვნებიანი მსმენელების შესახებ.. ჩემ მიერ წაკითხული ყველა სტატია თუ პოსტი დაუნდობლად აძაგებდა ყველას ვინც ასეთ მუსიკას უსმენს და ვინც ასეთ მუსიკას ქმნის თუ ასრულებს.

რისი ბრალია ასეთი ცხარე დებატები გოგი დოლიძის, ნანი ბრეგვაძის, გია სურამელაშვილის და სხვ. მსმენელების შესახებ სხვა თემაა და მიზეზების ძიება შორს წაგვიყვანს, ამიტომ სხვა დროისთვის შემოვინახავ.

არც სოციალურ ასპექტში განვიხილავ ამ „პრობლემას“. მინდა უბრალოდ ე.წ. “გემოვნებისა“ და “გემოვნებიანობის“ საკითხს შევეხო..

ზოგადად, რის საფუძველზე დგინდება მუსიკალური ნაწარმოების ავკარგიანობა? ვინ ან როგორ წყვეტს, რომ ერთი კომპოზიცია მეორეზე უკეთესია?

თქვენ ალბათ მეტყვით, რომ მუსიკაში არსებობს რაღაც კრიტერიუმები, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს მუსიკალურმა ნაწარმოებმა, რათა მოიპოვოს უფლება იწოდებოდეს მოსასმენად ვარგისად. სწორედ ამ კრიტერიუმებმა გადაწყვიტეს ალბათ, რომ შოპენის ნოქტურნა უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, სურამელაშვილის „მომნატრებია“…

გეთანხმებით, მაგრამ მოდით მეორე მხრიდან შევხედოთ.. რეალურად, ხელში არც მე და არც თქვენ არ გვიჭირავს კრიტერიუმების სია, რომლის მიხედვითაც მუსიკალური ნაწარმოებების ბედი წყდება. ასეც რომ იყოს, არც ამ ნაწარმოებების შეფასების შედეგები ვიცით. აქედან გამომდინარე ჩვენი წარმოდგენები „აკრედიტირებულ“ და „არააკრედიტირებულ“ კომპოზიციებზე უსაფუძვლო და მცდარია. ჩვენ უბრალოდ ვექცევით გავლენის ქვეშ, რომ შოპენი უკეთესია(!), ვიდრე სურამელაშვილი (ამით მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ!).

ჩვენი ფსევდომელომანური ცხოვრება მრავალფეროვანია დისკუსიებით, ცხარე კამათებითა და დებატებით, რომელიც ხშირად ვირტუალურ შეხლა-შემოხლას სცდება და ამ დროს გვავიწყდება ერთი ძალიან პატარა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი:

საერთოდ რა დანიშნულება აქვს მუსიკას? რა არის მუსიკის ფუნქცია? არც ხელისუფლების შეცვლა, არც ერის სულისკვეთებაზე და თვითშეგნებაზე მანიპულაცია, არც პროტესტი, არც სამყაროში მშვიდობის დამკვიდრება (ეს პოსტფაქტუმ მიწერილი დიადი მისიებია) … მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნების მონიჭებაა, ესთეტიკური ტკბობა (რა თქმა უნდა ეს არ გამორიცხავს პარარელურად რომელიმე ზემოთჩამოთვლილი მისიის შესრულებასაც). მუსიკის მოსმენით მიღებული სიამოვნება თითქმის არ ჩამოუვარდება ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით მიღებულ სიამოვნებას ( ამ მხრივ სმენა გამოირჩევა სხვა შეგრძნებებისგან).

აქედან გამომდინარე, იქნებ დროა ერთხელ და სამუდამოდ შევეშვათ აწონვას, შედარებებს, მსჯელობებს, სხვადასხვა კრიტერიუმებსა და თითიდან გამოწოვილ არგუმენტებს და, რაც მთავარია, ერთმანეთის ჭამას იმის გამო, რომ ის იმას არ უსმენს რასაც შენ, ან ის არ მოსწონს, რაც შენ.. ეს ხომ ასეც უნდა იყოს.. 🙂  იქნებ დროა, ერის მუსიკალური აღმზრდელის როლიდან გამოვიდეთ და ვუსმინოთ იმას, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, მუსიკის დანიშნულებაც ხომ ესაა..

Posted in Art | Tagged , , , , | Leave a comment

კარგი თუ ცუდი?

რა არის კარგი და რა არის ცუდი ? საერთოდ როგორ ხდება მათი დეფინიცია? როგორ ხვდებით რა არის კარგი, რას ნიშნავს, რას ვუწოდეთ და რატომ? ან რატომ მივიჩნევთ  რომელიმე კონკრეტულ მოვლენას ცუდად?  სამყაროსთვის ხომ სულერთია ერთიც და მეორეც. სამყაროსთვის არსებობს ფაქტი და მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ დამოკიდებულებაა.  შემდეგ ჩვენ ვაძლევთ ამ ფაქტებს დადებით ან უარყოფით შეფერილობას.  ალბათ სწორედ აქედან მოდის ყველა პრობლემაც – ალბათ ხშირად არასწორად ვსაზღვრავთ რა არის კარგი  და რა ცუდი. ან სწორად ვსაზღვრავთ და შემდეგ ან განსაზღვრებაზე ვართ დამოკიდებული  მთელი ცხოვრება. ყველა შემთხვევაში მთელი ეს დეფინიციები პრობლემას გვიქმნის ისევ ჩვენ.  მოაზროვნე ადამიანები ხვდებიან, რომ ყველაფერი ურთიერთფარდობითია  და რომ კარგის და ცუდის არსებობას თავისი დანიშნულება აქვს. იმასაც ხვდებიან, რომ კარგი ცუდთან მიმართებაშია მხოლოდ კარგი და ცალკე აღებული კარგი არ წარმოადგენს არავითარ ღირებულებას. ასევეა ცუდიც.  ისინი არსებობენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთი განსაზღვრონ. გამოდის, რომ კარგი განაპირობებს ცუდს და ცუდი კარგს. და რომ არ არსებობდეს ერთი, არ იარსებებდა  მეორე.  

მაგრამ,  რეალურად არც ეგრეა საქმე. სამყაროსთვის მართლაც სულერთია ერთიც და მეორეც.  არსებობს მხოლოდ ფაქტები და დამოკიდებულებები.  რაღაც არის ან ასე, ან ისე. უფრო სწორად ან ასე, ან ისე, ან ესე, ან უსე და ასე უსასრულოდ, რადგან არ შეიძლება მოვლენის აღქმა მხოლოდ ორი, სამი , ოთხი კუთხით. მოვლენას უნდა შევხედოთ აბსოლუტურად ყველა მხრივ და ისე გავაანალიზოთ. მედალს ორი მხარე აქვსო. ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდი მთელი ცხოვრება, მანამ არ მივხვდი, რომ  მედალს ნამდვილად ორი მხარე აქვს, მაგრამ მოვლენებს გაცილებით მეტი, ვიდრე ორი.

და მაინც… რა არის კარგი და რა არის ცუდი? ან საჭიროა კი მათი განსხვავება? …

 

Posted in Universe | Tagged , , , , | Leave a comment

პარადოქსი, როგორც სამყაროს აზრი (II)

ვაგრძელებ..

6. გამონაკლისის პარადოქსი –  თუ ყველა წესს აქვს გამონაკლისი, მაშინ ამ წესსაც (ყველა წესს აქვს გამონაკლისი) უნდა ჰქონდეს გამონაკლისი.

1. ყველა წესს აქვს გამონაკლისი (დებულება)

2. “ყველა წესს აქვს გამონაკლისი”  –ს აქვს გამონაკლისი ( 1)

3. არსებობს რაღაც R წესი, რომელსაც არ აქვს გამონაკლისი (2)

4. რახან R არის წესი, დებულების თანახმად, მას უნდა ჰქონდეს გამონაკლისი, მაგრამ (3)–ს მიხედვით მას არ აქვს გამონაკლისი.

7. ადგილის პარადოქსი – თუ ყველაფერს, რაც არსებობს, აქვს ადგილი, მაშინ ადგილსაც უნდა ჰქონდეს ადგილი და ა.შ. უსასრულოდ.

8. ზენოს პარადოქსი – თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ A პუნქტიდან B–მდე, რადგან ჯერ უნდა გაიაროთ გზის ნახევარი, მანამდე ამ ნახევრის ნახევარი, მანამდე ამ ნახევრის ნახევრის ნახევარი და ასე შემდეგ.. (ფიზიკური პარადოქსი)

9. კამათლის პარადოქსი –  თქვენ გაქვთ სამი კამათელი  A, B, C. A სავარაუდოდ ყოველთვის მოუგებს B–ს, B სავარაუდოდ ყოველთვის მოუგებს C –ს და C სავარადოდ ყოველთვის მოუგებს A–ს.

10. რა მოხდება თუ შეუჩერებელი ძალა შეხვდება გაუნძრეველ საგანს?

ან,

შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ისეთი ქვა/ლოდი, რომელსაც თვითონაც კი ვერ ასწევს?

11. ბოროტების ლოგიკური პრობლემა

1. თუ არსებობს ყოვლისშემძლე და ყოვლად კეთილი ღმერთი, მაშინ არ არსებობს ბოროტება.

2. ბოროტება არსებობს მსოფლიოში

3. მაშასადამე, არ არსებობს ყოვლისშემძლე და ყოვლადკეთილი ღმერთი.

12. ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს დაფუძნებულს არა იმაზე, რაც მათ რეალურად სურთ, არამედ იმაზე რაც ჰგონიათ, რომ სხვებს სურთ. საბოლოო ჯამში ყველა წყვეტს, რომ აკეთოს ის, რაც რეალურად არავის სურს, მაგრამ ყველა ფიქრობდა, რომ სხვებს ამის გაკეთება სურდათ.

13. იმისათვის, რომ ერთმა პიროვნებამ მოიგოს – მრავალს უწევს ქცევის შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არანაირ სარგებელს არ ნახულობენ ან ხშირად იტანჯებიან კიდეც ამ ცვლილებისგან.

14. როგორ შეიძლება ორ აბსოლუტურად ერთნაირი შედეგის მქონე ღირებულებას შორის რაციონალური არჩევანის გაკეთება?

15. კავკას საწამლავის  გამოცანა – შეუძლია თუ არა ვინმეს განიზრახოს, რომ დალიოს არა–სასიკვდილო საწამლავი, თუ მხოლოდ განზრახვაა საჭირო იმისათვის, რომ მიიღოს ჯილდო?

წარმოიდგინეთ ექსცენტრიული მილიარდელი, რომელიც თქვენს წინ დგამს ჭიქას საწამლავით. თუ თქვენ ამას დალევთ გახდებით ცუდად მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს არ დაემუქრება თქვენს სიცოცხლეს და არც შემდგომი ეფექტი ექნება.  მილიარდელი გადაგიხდით თქვენ მილიონ დოლარს ხვალ დილით, თუ თქვენ  დღეს შუაღამისას გადაწყვეტთ, რომ დალიოთ საწამლავი ხვალ შუადღისას. რეალურად, თქვენ არ გჭირდებათ საწამლავის დალევა ფულის მისაღებად, ფაქტიურად ფული თქვენს საბანკო ანგარიშზე იქნება უკვე ხვალ დილით. ანუ  ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ შუაღამისას  გადაწყვიტოთ/განიზრახოთ საწამლავის დალევა ხვალ შუადღით. და თქვენ აბსოლუტურად თავისუფლად შეგიძლიათ გადაიფიქროთ მისი დალევა ხვალ დილით, ფულის მიღების შემდეგ.

შესაძლო ინტერპრეტაცია: შეგიძლიათ თუ არა გადაწყვიტოთ საწამლავის დალევა, თუ იცით, რომ ამის გაკეთება არ მოგიწევთ?

Posted in პარადოქსი | Tagged , , , , , , | Leave a comment

პარადოქსი, როგორც სამყაროს აზრი

(ერთ–ერთი) საყვარელი გასართობი –  პარადოქსი.

პარადოქსების, კითხვა, შეთხზვა, ძიება, პოვნა და მერე გააანალიზება, მერე ისევ კითხვა, შეთხზვა და ასე უსასრულოდ.

საერთოდ, პარადოქსი ყველაზე ჯანმრთელი   დოქსია. ირგვლივ უამრავი რამაა პარადოქსული. საერთოდ ადამიანი სულ პარადოქსია, სამყაროც.. არა სამყარო არა –  დედამიწისეული ცხოვრება. რელიგიების არსიც, სწორედ, პარადოქსშია.

გადავწყვიტე რამდენიმე საინტერესო და საყვარელი პარადოქსი ჩემს ბლოგსაც ვუწილადო. გული მიგრძნობს ეს პოსტი ტავტოლოგიაში პირველ ადგილს აიღებს, მაგრამ მაინც… : )

1. ნიანგის დილემა – ლოგიკაში ერთ–ერთი გადაუჭრელი პრობლემაა.  არსი ასეთია – ნიანგი, რომელსაც მოტაცებული ჰყავს ბავშვი, ჰპირდება ბავშვის მამას, რომ დაუბრუნებს შვილს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ მამა სწორად გამოიცნობს/იწინასწარმეტყველებს ნიანგის მოქმედებას.

თუ მამა გამოიცნობს, რომ  ნიანგი შვილს დაუბრუნებს – მაშინ ლოგიკურად ყველაფერი კარგადაა : ) (ნუ ალოგიკურადაც :))

მაგრამ თუ  მამა ივარაუდებს, რომ  ნიანგი შვილს არ დაუბრუნებს, ნიანგისთვის ნამდვილი ტანჯვა იწყება: თუ ნიანგი ბავშვის დატოვებას გადაწყვეტს, ის ეწინააღმდეგება საკუთარ პირობას, რადგან მამის ვარაუდი გამართლდა და ბავშვი უნდა დააბრუნოს. თუ ნიანგი გადაწყვეტს ბავშვის დაბრუნებას, ის კვლავ ეწინააღმდეგება საკუთარ პირობას – მამის ვარაუდი არ გამართლდა და ბავშვი არ უნდა დააბრუნოს.  ამ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს და ნიანგი ნამდვილად მეცოდება : )

2. Catch-22 – ამავე სახელწოდების  ნოველიდან მომდინარე ლოგიკური პარადოქსია –  როდესაც კონკრეტულ  სიტუაციაში  სუბიექტს სჭირდება რაღაც ნივთი, რისი მოპოვებაც მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ სუბიექტი ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ იქნება. შესაბამისად ამ ნივთის მოპოვება ლოგიკურად შეუძლებელი ხდება.

3. სტილისტის პარადოქსი – წარმოიდგინეთ პატარა ქალაქი, მხოლოდ ერთი მამაკაცი სტილისტით (მს); და ყველა კაცი ამ ქალაქში იპარსავს წვერს – ზოგი თავისით, ზოგი სალონში (ამ კაც სტილისტთან ანუ).  ჩვენი მს  კი იცავს შემდეგ წესს – ის პარსავს ყველა და მხოლოდ იმ კაცს, რომლებიც თავისით არ იპარსავენ წვერს.

ამ სცენარიდან გამომდინარე იბადება კითხვა – მს თავად იპარსავს წვერს?

წარმოდგენილი სიტუაცია ფაქტიურად  წარმოუდგენელია :))

ა) თუ მს თავისით არ იპარსავს წვერს, მაშინ ის უნდა მიყვეს წესს და გაიპარსოს.

ბ) თუ მს თავისით იპარსავს წვერს, მაშინ წესის მიხედვით მან არ უნდა გაიპარსოს.

4. სასამართლოს პარადოქსი – ლოგიკაში ეს პრობლემა უძველესი საბერძნეთიდან მოდის.  გვყავს მასწავლებელი – მ და აღსაზრდელი – ა.  ა–მ უნდა გადაუხადოს მ–ს სწავლის საფასური მაშინ, როდესაც  სასამართლოში მოიგებს თავის პირველ საქმეს.  რა მოხდება მაშინ, თუ მ უჩივლებს ა–ს, მანამ სანამ ა–ს პირველი საქმე ექნება?

მასწავლებელი ამტკიცებს, რომ თუ ის მოიგებს პროცესს, აღსაზრდელს მოუწევს გადახდა. ხოლო თუ წააგებს, ანუ აღსაზრდელ მოიგებს – ა–ს მაინც მოუწევს გადახდა, რადგან პირველ საქმეს მოიგებს და შეთანხმება ასეთი ჰქონდათ.

აღსაზრდელი კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ თუ პროცესს მოიგებს – სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რომ მან არ უნდა გადაუხადოს მასწავლებელს. ხოლო თუ წააგებს, მაინც არ უნდა გადაუხადოს, რადგან შეთანხმების მიხედვით მხოლოდ პირველი საქმის მოგების შემდეგ უნდა გადაეხადა ფული.

კითხვა ასეთია: რომელია მართალი? : )))

5. მცდარი წინადადების პარადოქსი:

თუ  “ეს წინადადება მცდარია” ჭეშმარიტია, გამოდის, რომ წინადადება მცდარია, მაგრამ აქედან გამომდინარეობს, რომ ჭეშმარიტია, ეს კი ნიშნავს, რომ მცდარია და ასე გრძელდება უსასრულოდ : ))

გაგრძელება იქნება 🙂

Posted in პარადოქსი | Tagged , , , , , , , , | Leave a comment

საათი და 40 წუთი

მაღვიძარამ სამჯერ დარეკა 10 წუთიანი ინტერვალით, ბოლოს მიხვდა, რომ ჩემს წინააღმდეგ უძლური იყო და გაჩერდა.

მესიჯის ხმამ (მერე როგორმა) გამომაღვიძა. უცხო ნომრიდან ძალიან ნაცნობმა ძალიან კონკრეტული დავალება მომცა – 12–ის ნახევარზე დელისზე მოდი. ჩემს საათზე 10:35 –ია. Fuck! ვფიქრობ და ვდგები. ისევ მეძინება და ორიენტაციით ვიცვამ და ვუახლოვდები ტუალეტს.

გამოსაფხიზლებლად ვარჯიშია საჭირო.  ვარჯიში სამი სიმღერა გრძელდება ხოლმე. დღესაც.

ვჭამ და გავდივარ. დარწმუნებული ვარ დავაგვიანებ. მეტრომდე სამარშუტო ტაქსს მივყვები. წინ მინდა დაჯდომა, მაგრამ ვიღაც კაცი გამოჭიმულა. ეს ვიღაც კაცი ჩემი მათემატიკის მასწავლებელია. კიდევ კარგი ვერ მიცნო. არავის თავი არ მაქვს. “მარშუტკა” სწრაფად მიდის, მაგრამ მე მაინც მეჩვენება, რომ დღეს ყველა ნელია.

მეტროსთან ვაჩერებ და ვხტები. შემდეგ გავრბივარ. დარწმუნებული ვარ მათემატიკის მასწავლებელმა ვერ დამინახა. ან ვერ მიცნო. ესკალატორზეც თავპირისმტვრევით ჩავრბივარ. 0:48.. 48 წამი დამაგვიანდა. სულ იმ ქალის ბრალია ნელა რომ ამოვიდა “მარშუტკაში”. იმ კაცისაც, ძლივს რომ ჩავიდა გაჩერებაზე. წითელი შუქნიშნისაც და გზაზე დაგებული წინაღობებისაც. 48 წამი რამდენიმე ასეთმა შემთხვევამ შეადგინა. არაუშავს.. მალე მოვა.

მემანქანე გაბრაზებული მისიგნალებს, რომ უკან დავიხიო. სარკემ ცხვირთან ჩამიწუილა. პირველი შემთხვევა ხომ არაა, დიდი ამბავი. ბოლო ვაგონის ბოლო კარი. ნუ მიეყრდნობით–ზე მიყრდნობილი ხალხი.  უმაკიაჟო გოგო, მაკიაჟიანი გოგო, ქალი ჯვრით, რომელიც რომელიღაც პოლიტიკოსს ჰგავს, მაგრამ ის ვერ იქნება. იმას მანქანა ეყოლება. გოგო არასიმპატიური ფეხსაცმლით, მოხუცი, ბიჭი. ეს ერთი სკამია. დანარჩენს ვერ ვხედავ.

მიყვარს ხალხის თვალიერება. განსაკუთრებით მეტროში. და განსაკუთრებით კარების ანარეკლში. ისინი ვერ მხედავენ, მე კი კარგად ვხედავ მათ. გარკვეულწილად ეს თვალთვალია და გარკვეულწილად სექსუალურიც. ვაგონის გარეთ კაბელები მირბიან.

გვერდით მდგომი თავის გვერდით მდგომს

– ეხლა ეს კაცი დაიწყებს. ნახე რამდენს ილაპარაკებს…

უკან ვიხედები. მათხოვარია, რაღაცებს ყიდის, კალენდარს ალბათ. მათხოვარი კი არა ორატორია. გულდასმით ყვება თითოეული 10 თეთრიანი ფურცლის ისტორიას.

გოგო თავის გვერდით მდგომს

– არ ეზარება მაინც? ( ალბათ  ეზარება, მაგრამ…)

ორატორი კი განაგრძობს – … და ყველაზე საინტერესო, ყველაზე საინტერესო – მსოფლიოს შვიდი საოცრება გახდა თოთხმეტი, გაიგეთ რა დაემატა…. – თოთხმეტი გამხდარა და მე ახლა გავიგე, მართალია ნეტა ? უკან ვიხედები, ორატორი უკვე  ცნობის ფურცლის ტარიფებს გვაცნობს. მისი ხმა აღარ ისმის, ისევ გვირაბში შევედით. კაბელები ისევ გარბიან. მეც ჩემს ანარეკლს ვუბრუნდები და ისევ ვათვალიერებ.

კარები იღება. ნეტავ ნაცნობი არავინ შემხვდეს, ისედაც დავაგვიანე. პატარა კიბეებზე ჩავრბივარ და ისევ ვაგონში ვარ. ამჯერად ახალი მასალა. ახალი სახეები. ყველა თავის ფიქრებშია. მუსიკას თითქმის არავინ უსმენს. არც მე. რამდენი ადამიანია, რამდენი ფიქრი ტრიალებს ვაგონში. ფიქრის სუნიც კი იგრძნობა. ამ ქალს  ლამაზი ფეხები აქვს. ძალიან ლამაზიც კი. თვალს ვერ ვაშორებ.  გონებაში ვაშიშვლებ. ლამაზი ტანი აქვს. აი ჩემკენ მოიხედა. მკაცრი ნაკვთები აქვს, მაგრამ მაინც საინტერესო. ისევ ფეხებს ვუბრუნდები. კარები იღება და ის გადის. გასვლისას პირდაპირ თვალებში მიყურებს, მაგრამ მისი მზერა ცარიელია. მე მიყურებს მაგრამ მაინც უკან იყურება. ეს არ ითვლება.

კარები ისევ იღება (მეცოდება კარები) , მე ისევ გავრბივარ, ამჯერად ზემოთ. ბიჭს ვეჯახები, ის თვალებში მიყურებს და უსიტყვოდ მითმობს გზას. მიყვარს, როცა თვალებში მიყურებენ. თითქმის მოვედი, მაგრამ გზა მაინც არ მთავრდება. შესახვევი მანქანებს გადაუკეტავთ. მე მათ შორის ვძვრები. მიყვარს თითისწვერებზე მანქანებს შორის გაძვრომა. აი რამდენიმე საფეხურიც და მივედი. უკვე კარს ვხედავ. კაცმა  რომ თქვას, საინტერესო დილა იყო.

–გამარჯობა, როგორ ხართ? ბოდიში, დამაგვიანდა …..

Posted in Earth | Tagged , , , , , | Leave a comment

ოდესღაც…

ოდესღაც.. ძალიან ადრე, როცა პირველად შემოვდგი ფეხი ვირტუალურ სამყაროში, ვიცნობდი ერთ  უცნაურ ბიჭს. ჩვენ ყოველდღე გვქონდა ვირტუალური პაემანი და ჩვენი უცნაურობებით (უფრო კი მისით) ვიოცებდით სამყაროს.

ეს ბიჭი ლექსებს წერდა. და პირველს მე მაკითხებდა ხოლმე (მე ესე მეუბნებოდა). მერე სათაურს ერთად ვირჩევდით ხოლმე.

სამი ლექსი მაქვს შემორჩენილი. წლებია, რაც word ის ფაილით ვინახავ და ვერცერთი გენერალური “უბორკის” დროს ვერ გავიმეტე წასაშლელად.

მე ახლა მისი სახელიც კი არ მახსოვს, არც ID, არც სხვა რაიმე ვიცი მის შესახებ. ის სამი ლექსით ცოცხლობს ჩემში. და აი ისინიც:


– შორს დამალული–

ჩემი გრძნობები შენთვის ცივია, შენი ხელები ჩემთვის თბილია….

თქვენ ვერ იფიქრებთ თუ როიალს როგორი სმენა აქვს, ვერასოდეს გაიცნობთ მას და ვერც მე იმიტომ, რომ შორს იქნებით.

თქვენ აღარ იფიქრებთ, რომ სილამაზე ცივი ხელებით შეუერთდება მთვლემარე წარმოდგენებს…

მოხდება ერთი რამ – მზე

დაიფერფლება და ჩაქრება. მხოლოდ სიცივე და მკვდარი თამაში დაფარავს ფიქრს, რომელიც სიცარიელით იყო სავსე.

მე არ შევეხები ადამიანს, რომელმაც დაივიწყა თუ რას ნიშნავს სიტყვა სხვისი.

ამ ყველაფრისგან შორს ვარ.

მუსიკა ჩემთვის ყველაზე დიდი ღრმა სმენათა წყობაა, რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია….

–მოვრჩი–

ხვედავ, თუ როგორ ეცემა თოვლი კედელს.

მას არ სცალია ძილისათვის, ის კვლავ ხვნეშით აგრძელებს სიყვარულს, სხვებთან ერთად…

ახლა მარტო ვზივარ და სიგარეტს ვეწევი, მალე შემოდგომაც მორჩება და დაასვენებს აწმყოს.

ტყეებში გაიხიზნებიან მომაკვდავი და ცოცხალი მოგონებები….

მათ ჩვენთვის არ ეცლებათ, ისინი ღრმად სუნთქავენ და ფულს ელიან, მაგრამ მათ ავიწყდებათ, რომ არსებობს დღის სინათლე, რომელსაც  ღამე ცვლის…

მალე ერთმანეთს შევეხებით, მაგრამ შენ შორს იქნები…

ჩემს სურვილს წვიმა შეინახავს და ოდესმე დალპება. ჩვენი სურვილი კვლავ ერთმანეთს აცდება,

შენ დაიღლები და არავინ გეტყვის მწვანე რეალობას, ეს ფანტაზიაა, შენ მას ვერ შეხედავ, შენთვის ჰაერის სუნთქვა წარმატებაა და მეტი არაფერი…

“წავიდეთ იქ ბაღი ვიცი, სადაც ხეივანია”..

მორჩა.

– გაქცეული დასრულება.  ნომერი პირველი –

არა! ისეთი არ არის, როგორიც მინდოდა, მხოლოდ უცხოა და მკვდარი ამავე დროს ახლოა, როგორც მუსიკა, მაგრამ შორია,  როგორც სიყვარული. არ არის საჭირო რას გულისხმობ.

თოვს როგორც ტყეში ფოთლები. ფიქრი მოკალი? ნუ მოკლავ, თორემ შენც მოკვდები.

ასე რომ სიკვდილი მკვდარია და ცოცხალი.

არ შემიძლია ამ როლის მორგება, რაც გინდა ის დაარქვი, ბოლო ერთია. სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც  არასოდეს მიგვატოვებს გინდ დაღლილს, გინდ დაუღლელს, ეს ყველაფერი, გაქრება,  როგორც საწერი, მაგრამ ვერასოდეს  გახდება ხეზე თოვლი მიკრული,

მხოლოდ ერთხელ გაგაშავებს ..?

პ.ს. ნეტა ოდესმე შევხვდებით?

Posted in Art | Tagged , , , | Leave a comment

სამყაროს ნაწილი ჩემს ეკრანზე

13 სექტემბერი, 2010

Posted in Universe | Leave a comment

ო, ჰენრი – შთაგონების წყაროვ…

“მოხუცი ბერმანი მხატვარი იყო” – ამ სიტყვებით გვაცნობს ავტორი ნაწარმოების გმირს. “ხელმოცარული” ხელოვანი, თურმე, ორმოცი წელი ელოდა შედევრს: “ორმოცი წელი სულ ფუნჯი ეჭირა ხელში, მაგრამ იმდენადაც კი ვერ მიუახლოვდა თავის ქალბატონს – ხელოვნებას, რომ  მის კაბის კალთას შეხებოდა”. როდესაც “ანჩხლი ბერიკაცი” ჯონსის აკვიატებული იდეის შესახებ გაიგებს, გაოცებული წამოიყვირებს: “ნუთუ არიან ქვეყნად სულელები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ კვდებიან, რომ უსურვაზს ფოთლები სცვივა!” ბერმანს ძლიერ უყვარდა ,  თუმცა მან ის პატარა მის ჯონსს აჩუქა. ალბათ, სწორედ ბერმანის “ღვიის სურნელებით გაჟღენთილი” სხეული იყო იმ სულის მატარებელი, რომელზეც ჯონსი ფიქრობდა: “ყველაზე უთვისტომო რამ ქვეყნად არის სული, რომელიც იდუმალებით მოცული შორეული მოგზაურობისთვის ემზადება”.

რა არის ხელოვნება? როგორ იბადება შედევრი? ვფიქრობ, ხელოვნება ადამიანის მიერ სამყაროს გასულიერების მცდელობაა. ცდა, რომ მარმარილოს მძიმე ლოდი ერთ დღეს “ვენერა მილოსელის” ან , თუნდაც “დავითის” უკვდავ ქანდაკებად იქცეს.  ალბათ, სწორედ აქ, მარადიულობასთან ჭიდილში იბადება შედევრი – პასიურისა და აქტიურის შერწყმით.  შედევრი თავად ირჩევს ავტორს. ამ შემთხვევაში კი ის მოხუცი ბერმანი აღმოჩნდა. მართლაც, ვინ წარმოიდგენდა, რომ სამოც წელს გადაცილებული მოხუცი ასე საოცრად დაასრულებდა სიცოცხლეს.

ხელოვნება ხომ შეუცნობელია. შეიძლება უბრალო ხუროთმოძღვარი სვეტიცხოვლის ამგებად აქციოს, ხოლო თვითნასწავლი მხატვარი “მზესუმზირების” ავტორად… მაგრამ რამდენადაც დიდებულია შედეგი, იმდენად მძიმეა ხელოვანის ხვედრი: შედევრები ხომ შემოქმედის სულს ითხოვენ მსხვერპლად…

3 წლის წინ..

Posted in Art | Leave a comment

პირველი სერია

როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული (თუნდაც არაფრის გამო) და ამავდროულად ერთმანეთის სიძულვილი (თუნდაც არაფრის გამო).

ოდესმე დაკვირვებიხართ ან ერთ, ან მეორე  პროცესს?

არა? მაშინ დახუჭეთ თვალები (ან პრინციპში გაახილეთ თორემ ამას ვიღა წაიკითხავს ) და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არ მოგწონთ, ან საერთოდ გძულთ ან გაღიზიანებთ.

წარმოიდგინეთ მისი სახე, ფიგურა, მოძრაობა, მიმიკა, ხმა, საუბრის მანერა, სიცილი, სიტყვები, აზრები, მოქმედებები… სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას.

გრძნობთ როგორ ნელ–ნელა გაწვებათ სისხლი კისერთან  და შემდეგ ადის მაღლა, უფრო მაღლა. სხეული გეძაბებათ, სუნთქვა გიძნელდებათ, ტუჩები მტკიცედაა მოკუმული და ზედა ტუჩი რეფლექსურად ხტუნავს.

ყურებში ჩაგესმით მისი ხმა, სიტყვები, სად რა თქვა და როგორ თქვა. თვალწინ გიდგათ მისი სახე და თანდათან უფრო და უფრო იძაბებით.. აი უკვე თქვენი მდგომარეობა პიკს აღწევს და თქვენ მზად ხართ ის ნაკუწებად აქციოთ, გაანადგუროთ, მთელი აგრესია მასზე გადმოანთხიოთ, გინდათ შიგნიდან გამოუშვათ რაღაც ბობოქარი ძალა და მთელი რისხვითა და უბედურებით დაატეხოთ თავს.

თქვენ ამ წუთას მზად ხართ მოკლათ, დაანგრიოთ, მუსრი გაავლოთ. დიახ, თქვენ მთელი გულით გძულთ ის. ის ამას იმსახურებს! .. ის ხომ ისეთია.. რაღაცნაირი.. განსხვავებული!.. და თქვენ გძულთ ის, არ მოგწონთ, რადგან ის სხვანაირად მეტყველებს, სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად იცვამს, მოძრაობს, უყვარს,  იცინის, სუნთქავს.

როდესმე დაფიქრებულხართ  რატომ გძულთ?

გაიცანით  – ეს ადამიანია, ყველაზე საშიში ცხოველი.

Posted in წინააღმდეგობა | Leave a comment