პირველი სერია

როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული (თუნდაც არაფრის გამო) და ამავდროულად ერთმანეთის სიძულვილი (თუნდაც არაფრის გამო).

ოდესმე დაკვირვებიხართ ან ერთ, ან მეორე  პროცესს?

არა? მაშინ დახუჭეთ თვალები (ან პრინციპში გაახილეთ თორემ ამას ვიღა წაიკითხავს ) და წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც არ მოგწონთ, ან საერთოდ გძულთ ან გაღიზიანებთ.

წარმოიდგინეთ მისი სახე, ფიგურა, მოძრაობა, მიმიკა, ხმა, საუბრის მანერა, სიცილი, სიტყვები, აზრები, მოქმედებები… სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას.

გრძნობთ როგორ ნელ–ნელა გაწვებათ სისხლი კისერთან  და შემდეგ ადის მაღლა, უფრო მაღლა. სხეული გეძაბებათ, სუნთქვა გიძნელდებათ, ტუჩები მტკიცედაა მოკუმული და ზედა ტუჩი რეფლექსურად ხტუნავს.

ყურებში ჩაგესმით მისი ხმა, სიტყვები, სად რა თქვა და როგორ თქვა. თვალწინ გიდგათ მისი სახე და თანდათან უფრო და უფრო იძაბებით.. აი უკვე თქვენი მდგომარეობა პიკს აღწევს და თქვენ მზად ხართ ის ნაკუწებად აქციოთ, გაანადგუროთ, მთელი აგრესია მასზე გადმოანთხიოთ, გინდათ შიგნიდან გამოუშვათ რაღაც ბობოქარი ძალა და მთელი რისხვითა და უბედურებით დაატეხოთ თავს.

თქვენ ამ წუთას მზად ხართ მოკლათ, დაანგრიოთ, მუსრი გაავლოთ. დიახ, თქვენ მთელი გულით გძულთ ის. ის ამას იმსახურებს! .. ის ხომ ისეთია.. რაღაცნაირი.. განსხვავებული!.. და თქვენ გძულთ ის, არ მოგწონთ, რადგან ის სხვანაირად მეტყველებს, სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად იცვამს, მოძრაობს, უყვარს,  იცინის, სუნთქავს.

როდესმე დაფიქრებულხართ  რატომ გძულთ?

გაიცანით  – ეს ადამიანია, ყველაზე საშიში ცხოველი.

This entry was posted in წინააღმდეგობა. Bookmark the permalink.

Leave a comment